
2021 წელს ფილმ Rust-ის გადაღებების დროს იარაღზე პასუხისმგებელი ჰანა გუტიერეზ-რიდი უნებლიე მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ იარაღის მექანიკოსი უდანაშაულოდ ცნო მეორე ბრალდებაში, რომელიც ფილმის გადასაღებ მოედანზე კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობის შესახებ მტკიცებულებების ხელყოფას ეხება.
26 წლის ჰანა გუტიერეზ-რიდი 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება. მას მოგვიანებით გამოუტანენ სასჯელს. 65 წლის ალეკ ბოლდუინი ასევე ივლისში სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც ბოლდუინის ადვოკატმა განაცხადა, გუტიერეზ-რიდის განაჩენი მსახიობის საქმის შემდგომ განხილვაზე დადებითად იმოქმედებს.
„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხოდ შენახვასა და მოვლაზე სწორდ იარაღის მექანიკოსი იყო პასუხისმგებელი,“ - განუცხადა მისტი მარისმა CNN-ს.
ჰალინა ჰაჩინსის მშობლებმა და დამ აღნიშნეს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით "კმაყოფილნი" არიან.
„ველოდებით, რომ მართლმსაჯულების სისტემა გააგრძელებს გამოძიებას ყველა სხვა პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჰალინას სიკვდილზე და ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს,“ - ნათქვამია ჰალინა ჰაჩინსის ოჯახის წევრების განცხადებაში.
ფილმ Rust-ის გადაღებები 2023 წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა ფილმი ეკრანებზე ჯერჯერობით არ გამოსულა.
0
0