
Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტები აღმოაჩინა, რომლებიც ბიუროს შიგნით, საიდუმლო ოთახში, გასანადგურებელი მასალების კონტეინერებში იყო დამალული. წყაროებმა Fox News-ს განუცხადეს, რომ აღნიშნული კონტეინერების სისტემა გამოიყენება მაღალი კლასის საიდუმლო დოკუმენტების განადგურებისთვის. ნაპოვნია რამდენიმე კონტენიერი, რომლებიც ათასობით დოკუმენტით იყო სავსე.
„ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც FBI-ის წარმომადგენლებმა კონტეინერში იპოვეს, ყოფილი სპეციალური პროკურორის ჯონ დარემის საბოლოო ანგარიშის საიდუმლო დანართი იყო, რომელიც მოიცავს მის მიერ განხილულ სადაზვერვო ინფორმაციას. ეს ანგარიში იკვლევდა, თუ როგორ და რატომ დაიწყო FBI-მ 2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების გამოძიება. გასაიდუმლოებული დანართის დეკლასიფიკაციის პროცესი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ კეშ პატელს, ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდს, გენერალურ პროკურორ პემ ბონდისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელ დირექტორ უილიამ ჰარტმანს შორის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. დამტკიცების შემდეგ, დანართი გასაჯაროებისთვის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩაკ გრასლის გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია იმ დროს ბუნდოვანი იყო, საგანგაშო სიზუსტით წინასწარმეტყველებდა FBI-ის შემდეგ ნაბიჯს.
„საბოლოო ჯამში, საიდუმლო დანართის გამოქვეყნება კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის იმ მტკიცებას, რომ აშშ-ის მთავრობის შიგნით არსებობდა კოორდინირებული გეგმა, რათა კლინტონის საარჩევნო კამპანიას რუსეთთან ტრამპის კავშირების შესახებ სკანდალი გაეღვივებინა“, - განუცხადა Fox News-ს წყარომ.
„უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. როდესაც პირველად მივედი ბიუროში, ვიპოვე ოთახი, რომელსაც [FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს] კომი და სხვები ჰუვერის შენობაში მსოფლიოს უმალავდნენ. კონტეინერები სავსე იყო დოკუმენტებითა და კომპიუტერული მყარი დისკებით, რომლებიც არავის არასდროს ენახა და მათ შესახებ არავიც არც სმენია. ეს საიდუმლო დანართი, რომელიც აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა, შეიცავს უცხოური წყაროებიდან მიღებულ დაზვერვის დოკუმენტებს. მათში ნათქვამია, რომ FBI-მ შესაძლოა ხელი შეუწყო ტრამპსა და რუსეთს შორის საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“, - თქვა კეშ პატელმა ამერიკელ პოდკასტერ ჯო როგანთან ინტერვიუში.
0
0