
კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, მოვაჭრეებს ავალდებულებს გასაყიდ პროდუქციაზე ფასი გარკვევით მიუთითონ.
ეს ფიზიკურ ობიექტებზე და განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმებზე მოვაჭრე ბიზნესებს ეხებათ.
ვალდებულება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონლაინ ხშირად ვაჭრობენ, რადგან მომხმარებლის უფლებებს ამ მიმართულებით უმეტესად სწორედ ონლაინ მოვაჭრეები არღვევენ.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი ნივთის ფასზე, რომლის შეძენასაც აპირებს, ინფორმაციას ფლობს. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი Bm.ge-სთან ამბობს, პრაქტიკა “პირადში მოგვწერეთ” უნდა აღმოიფხვრას. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,, ბიზნესის მხრიდან დარღვევას კონკურენციის სააგენტო იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მომხმარებელი კომპანიის ქმედებას გაასაჩივრებს.
"მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ყოველგვარი პირად შეტყობინებაში მიწერის გარეშე, შემოთავაზებულ პროდუქტზე წინასწარ იცოდეს ფასი. პრაქტიკა, რომ პირადში მოგწერთ ფასს, უნდა აღმოიფხვრას” - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ინფორმაციისთვის: პროდუქციაზე ფასის მითითების ვალდებულება აქვს ყველა სავაჭრო ობიექტს თუ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას. ფასის მითითების ვალდებულება არ ვრცელდება მხოლოდ აუქციონზე გატანილ ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებზე.
რაც შეეხება სანქციებს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება საქმიანობა კანონს შეუსაბამოს და მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღადგინოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი ამ ვალდებულებასაც თავს აარიდებს, კომპანიას მოუწევს წინა ფინანსური წლიური ბრუნვის 2% ჯარიმის სახით გადაიხადოს.
0
0