15/03/2023
15:48
მსოფლიო
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხური წარმოშობის რუს პროპაგანდისტებს, Russia Today-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელ არამ გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ.
"სომხეთი არის სუვერენული სახელმწიფო და გააჩნია უფლება, ელოდოს პატივისცემას საკუთარ თავთან მიმართებაში. ასევე, სომხეთს აქვს უფლება გამოიყენოს სუვერენული მექანიზმები იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესების წინააღმდეგ არიან". – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, მსგავსმა ხალხმა პატივი უნდა სცეს სომხეთსა და ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას.
"ასევე მსურს გავამახვილო ყურადღება ერთ ფაქტზე: ამ ხალხს იმის ერთი პროცენტი მაინც რომ გაეკეთებინათ საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში, რასაც სომხეთის წინააღმდეგ აკეთებდნენ, საკუთარ სახლშიც კი ვერ მოხვდებოდნენ. ამით ყველაფერი ნათქვამია".
ფაშინიანს არ დაუზუსტებია, თუ სიმონიანისა და გაბრელიანოვის გარდა ვის ეხება აკრძალვა.
სიმონიანი ფაშინიანის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა, მას "გადაჯიშებული", საკუთარ თავს კი "სუფთა სისხლის სომეხი" უწოდა და თქვა, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს სომხეთში ჩასვლას ისედაც არ აპირებდა.
გასული წლის ოქტომბერში სიმონიანი ამბობდა, რომ სომხეთში შესვლა აეკრძალა. ამას გარდა, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინმა გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მისი განცხადებები ერევნისა და მოსკოვის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობის განვითარებას ზიანს აყენებდა და მისი სომხეთში ჩასვლა არ იყო სასურველი.
0
0