18/04/2023
13:07
მსოფლიო
სომხეთი „სრულად აღიარებს“ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს მოელის ბაქოსგან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს პარლამენტში.
„ახლა მინდა დავადასტურო, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულად ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ აზერბაიჯანი იგივეს გააკეთებს სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება რეალობად იქცევა, თუ ორივე ქვეყანა მკაფიოდ და ცალსახად აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აიღებს ვალდებულებას, არ დაუყენონ ერთმანეთს ტერიტორიული მოთხოვნები.
მან გაიხსენა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იქნა 2022 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრაღასა და სოჭში შეხვედრების დროს.
ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ სომხურმა მხარემ შესთავაზა სომხეთისა და აზერბაიჯანის სსრ-ის რუქების მიმაგრება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საფუძველისა.
ამავდროულად, ფაშინიანის თქმით, 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ აზერბაიჯანი ეიფორიაშია და „სურს მაქსიმუმი ან ყველაფერი აიღოს“.
მან დასძინა, რომ ამას ხელს უწყობს გეოპოლიტიკური ვითარება, რომელმაც აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ გზაჯვარედინად აქცია. თუმცა, მისი თქმით, რუსეთმა და დასავლეთმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესახებ, რადგან რეგიონში ახალმა აფეთქებამ შეიძლება პრობლემები შექმნას, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, როგორც დასავლეთისთვის, ასევე რუსეთისთვის.
0
0