18/04/2022
13:44
სამართალი
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები შესაძლოა, გახანგრძლივდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტით იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც.
მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება იმ ვადით გაიცემა, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს ორი თვის. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს სამი თვით გაგრძელდეს, გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება კი, დაუშვებელი იქნება.
ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონის აღნიშნული ნორმა სასამართლო პრაქტიკაში არასწორი განმარტების საგანი გახდა.
„ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარების საკმარის ვადად, როგორებიც არის, მაგალითად: ტერორიზმი, საბოტაჟი, ომის დანაშაული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულები, პრაქტიკაში მიჩნეულ იქნეს 3-თვიანი მაქსიმალური ვადა მაშინ, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა, კანონის თანახმად, სინამდვილეში ექვსი თვეა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ცვლილებებით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს ცხრა თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების.
კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს სამი თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს სამი თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს სამი თვის ვადით.
ამასთან, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს სამი თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება.
გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე-144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე- 235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 322/1-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა, იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ზემოთ აღნიშნულია გარდა, კიდევ ერთი ცვლილება ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინებას. მოქმედი წესით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში იმ პირს უნდა შეატყობინოს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
„ვინაიდან აღნიშნული წესი არანაირ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ასეთ მცირე დროში შეტყობინებამ საგამოძიებო ორგანოს ფუნქციონირების ეფექტიანობას საფრთხე შეუქმნას და სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი არსებითად დააზიანოს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება “სისხლის სამართლის კოდექსის“ – 108-ე, 109-ე, 142-ე, 142/1, 143-ე-143/2, 144-ე – 144/3, 155-ე, 157/1, 194-ე, 194/1, 223-ე – 226-ე, 230-ე – 232-ე, 234-ე-235/1, 239/1, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 255/1, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-321/1, 3221 – 333-ე, 337-ე – 339-ე, 341-ე, 342-ე, 343- ე, 343/1, 345-ე, 346-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად.
ამ შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა, გადავადდეს არა უმეტეს 12 თვის ვადით.
0
0