20/06/2023
12:31
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
მისივე თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება და ევროკომისიას ამ კუთხით საფუძველი არ ექნება, რომ სტატუსის მონიჭებაზე უარი განაცხადოს.
„ველოდებით, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ახლა მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეცდომას არ დაუშვებს. თვის ბოლომდე 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული. ევროკომისიას არანაირი საფუძველი არ ექნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა სტატუსს დამსახურებულად მიიღებს და იმავე შეცდომას არ გაიმეორებს, რასაც სხვათა შორის, თავადაც აღიარებს. საქართველო შესრულებული სამუშაოთი მოწინავეა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, იმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ვისთან გაერთიანდნენ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ. რა სამუშაო გასწიეს, რათა რეკომენდაციები შესრულებულიყო? სად დაჯდა ჭიჭე ვაშაძე და რომ მისდევს ხოლმე მანჯგალაძე? – ფანჩატურიდან ჩემი შალიკო უფრო მონდომებული იყო და შემოგვძახებდა ხოლმე, ვიდრე ეს ხელმოცარულები. მთავარია, რა გაკეთდა და ამას ევროკომისია როგორ შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0