
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი იყო, წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0