
ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ტორბიორნ იაგლანდს „უხეშ კორუფციაში“ ადანაშაულებენ. იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც ნორვეგიის მოთხოვნით, ევროსაბჭომ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად მას იმუნიტეტი მოუხსნა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, იაგლანდი თავს უდანაშაულოდ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მილიონობით დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგმავდა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის სახლებში, როგორც მარტო, ასევე ოჯახთან ერთად ვიზიტებს პარიზში, ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში გაასამართლეს.
მედიის ინფორმაციით, ნორვეგიის დანაშაულებრივმა დანაყოფმა „ოკოკრიმმა“ ტორბიორნ იაგლანდის სამ სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, მოსალოდნელია მისი დაკითხვაა.
ცნობისთვის, ნორვეგია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებამ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. იაგლანდის გარდა, დოკუმენტებში ფიგურირებს ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტი. ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ იორდანიასა და ერაყში ნორვეგიის ელჩს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც აღმოჩნდა, დიპლომატის მეუღლეს, რომელიც ასევე გაერო-ში გავლენიანი მომლაპარაკებელია, ახლო კავშირები ჰქონდა ეპშტეინთან.
0
0