
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, უკრაინაში რუსული აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მოთხოვნით.
მოსკოვის ქმედებები „აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ძალის გამოყენებით განხორციელებული შეძენილი ტერიტორიები არ არის აღიარებული ლეგალურად“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ აგრესია გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მონაწილეობს რუსეთის თავდასხმაში, კერძოდ, თავის ტერიტორიას რუსი სამხედროებისთვის პლაცდარმად უზრუნველყოფს.
"რუსეთის ქმედებები ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მუხლს, რომელიც აღწერს "აგრესიის დანაშაულს", მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჯერ არ აქვს იურისდიქცია, განიხილოს უკრაინის ომი სისხლის სამართლის საქმედ", აღნიშნავს ასამბლეა.
არც რუსეთი, არც უკრაინა და არც ბელარუსი არ არიან რომის სტატუტის წევრები, რაც აუცილებელია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის აღიარებისთვის.
ამიტომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის.
ამ ტრიბუნალს „რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა დაუჭიროს მხარი, განსაკუთრებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
0
0