
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიიღეს მორიგი გადაწყვეტილება „კონფლიქტი საქართველოში”. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილებით ევროპის საბჭოს 46 ქვეყანა ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოუწოდებს რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, უზრუნველყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით წევრი ქვეყნები მიესალმებიან წლევანდელი ევროპის საბჭოს რეიკიავიკის ისტორიული სამიტის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კოლექტიურად მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების სრულად გაყვანისკენ.
გადაწყვეტილება ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის აპრილის განჩინებებზე.
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, წევრი ქვეყნები გმობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას.
ევროპის საბჭო და მისი 46 წევრი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025