
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინელი ერთნაირსქესიანი წყვილის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კერძოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას. კერძოდ, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. „განსხვავებული მოპყრობის ერთადერთი მიზეზი წყვილის სექსუალური ორიენტაცია გახდა“, - აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და მხარეებს შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში საქმე დიდ პალატას გადასცეს.
ამ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია ეხმიანება და პარტია „ხმის“ დეპუტატის, ინა სოვსუნის პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინას დაავალა ერთნაირსქესიანთა ქორწინება იურიდიულად აღიაროს. დეპუტატის თქმით, წყვილი 10 წელზე მეტია ერთად ცხოვრობს, მაგრამ სახელმწიფო მათ ოჯახად არ აღიარებს. ინა სივუნი აცხადებს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„უკრაინამ, როგორც ადამიანის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ, უნდა მიიღოს კანონი, რომელიც იურიდიულ დონეზე აღიარებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მისცემს მათ შესაძლებლობას დაარეგისტრირონ ურთიერთობა, როგორც ოჯახი“, - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობაა.
ანდრეი მაიმულახინმა და ანდრეი მარკოვმა სარჩელი სასამართლოში 2014 წელს შეიტანეს და მოითხოვეს, რომ სახელმწიფოს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა ეღიარებინა და რეგისტრაცია დაეშვა.
0
0