23/01/2026
14:59

სტრასბურგმა საია-ს სარჩელის განხილვა დაიწყო. ორგანიზაცია სარჩელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს, თუმცა არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივან მხარეს უარი უთხრა და საკითხზე არ იმსჯელა. სასამართლოს საქმისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებია. სარჩელი სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე განიხილება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ სასამართლოს კითხვების ფორმულირება, კონკრეტული მტკიცებულებების, საზღვარგარეთ უბნების რაოდენობისა და საია-ს, როგორც დამკვირვებლის დავის უფლებაზე, პირდაპირი მინიშნებაა, რომ სასამართლოს მომჩივანთა არგუმენტებში ეჭვი შეაქვს. უმრავლესობაში სვამენ კითხვას, - რატომ დაუმალა საია-მ საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე?
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული და გავრცელდება სხვა ევროპულ სახელმწიფოებზეც.
"საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი - 2025 წლის დასაწყისში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით - დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც ექნებათ მომჩივნებს შეპასუხების შესაძლებლობა, რის შემდეგაც საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს.
ევროპული სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენად შეიძლება, ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია, არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაცია, რამდენად შეიძლება იყოს მომჩივანი ამ საქმეში.
ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, საბოლოოდ, წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სპეკულაციას. ეს გადაწყვეტილება იქნება ასევე პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო, გავრცელდება ყველა ევროპულ სახელმწიფოზე", - აცხადებს ძამაშვილი.
0
0