17/04/2024
15:27
პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის.
„დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები ირკიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომელსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე.
ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს, გავრცელდა განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის მიერ. გუშინ საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ვფიქრობ, მისი პოზიცია მკაფიოა. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში არ დაეხმარება. პირიქით, იქნება დაბრკოლება, რადგან ეს კანონი აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
0
0