
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ჩინეთს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საიმპორტო ტარიფებით გამოწვეული პრობლემები მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან სატელეფონო საუბრისას ფონ დერ ლაიენმა „ხაზგასმით აღნიშნა ევროპისა და ჩინეთის, როგორც მსოფლიოს ორი უმსხვილესი ბაზრის პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭირონ ძლიერ რეფორმირებულ სავაჭრო სისტემას, რომელიც იქნება თავისუფალ, სამართლიან და თანაბარ პირობებზე დაფუძნებული“.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა და ჩინეთის პრემიერმა განიხილეს ტარიფებით გამოწვეული შესაძლო სავაჭრო ცვლილებების მონიტორინგის მექანიზმის შექმნის საკითხი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ევროკავშირი შიშობს, რომ ჩინეთმა შესაძლოა, იაფი ექსპორტი აშშ-ის ნაცვლად, ევროპისკენ მიმართოს.
0
0