
ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული აკრძალვა, რომელიც ტრანსგენდერ პირებს დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლას უზღუდავს, ევროპულ კანონმდებლობას არღვევს.
ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) განცხადებით, ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს ე.წ. შიპოვას საქმეზე დაწესებული აკრძალვა, ევროკავშირის გადაადგილების თავისუფლების წესებს ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება ე.წ. შიპოვას საქმეს, მამაკაცად დაბადებული ადამიანის საქმეს, რომელიც იტალიაში გადავიდა, დაიწყო ჰორმონოთერაპია და აცხადებს, რომ ქალია. მას ბულგარეთში დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის მოთხოვნა, სამედიცინო მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, არ დაუკმაყოფილეს, რამაც სამართლებრივი დავა გამოიწვია. ბულგარეთის სასამართლომ ე.წ. შიპოვას საქმე, სამართლებრივი საფუძვლით, ევროპის სასამართლოს გადასცა, რათა უზრუნველყოფილიყო, რომ აკრძალვა არ არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას.
ECJ-ის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არღვევენ „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას“.
„ეს უფლება იცავს გენდერულ იდენტობას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ მისი სამართლებრივი აღიარების მკაფიო, ხელმისაწვდომი და ეფექტური პროცედურები“, – ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს დასკვნაში.
როგორც „ტელეგრაფი“ წერს, ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ტრანსგენდერ ადამიანებს საშუალებას აძლევს, კანონიერად შეცვალონ თავიანთი სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, თუმცა განსხვავებული პირობებით.
0
0