14/04/2023
14:35
პოლიტიკა
დედა ენის დღის აღსანიშნავად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ქართული ენის უნიკალურობასა და დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მონაწილეებს ეცნობათ ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის უძველეს ნიმუშებზე, დამწერლობის განვითარების სახეებსა და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ თაობაზე, რომელიც იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.
ელჩმა ასევე ისაუბრა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობაზე და 1978 წლის აპრილის მოვლენებზე, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა სახელმწიფო ენის სტატუსი, ქართველმა ხალხმა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტით უპასუხა, შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი და სამაგალითო გახდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისთვისაც.
ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას დაურიგდა ქართული ანბანის სამი სახეობის ამსახველი ბარათები, რომლებზეც ქვეყნის სახელწოდებები ქართულ ენაზე იყო შესრულებული.
ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.
0
0