
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა, 47-ე სესიაზე, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა ქსავიე კადორემ წარადგინა.
რეზოლუციას მხარი 76 კონგრესმენმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ანტიჰუმანური კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რაც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ასევე საზიანო იქნება საქართველოში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.
„საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები და მოვალეობები, რომლებიც განახლდა რეიკიავიკის დეკლარაციაში 2023 წლის მაისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროპის საბჭოს მიერ.
კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც აღინიშნება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაციისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებით. ეს მოვლენები დაგმო კონგრესის პრეზიდენტმა განცხადებებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის და ანტი ლგბტ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
დეკლარაციაში ხაზგასმულია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტური დაცვის აუცილებლობა, მათ შორის არადისკრიმინაციული გარემოს ხელშეწყობა და შეკრების თავისუფლება. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის მოქალაქეთა ხმის მატარებელი როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე და მათი უფლება, განახორციელონ თვითმმართველობა დევნისა და შურისძიების შიშის გარეშე, გარანტირებული უნდა იყოს ლიდერებისა და წარმომადგენლების პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
კონგრესი ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, კონგრესი აფიქსირებს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ, დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას,“ - ნათქვამია დეკლარაცაში.
0
0