
ევროპის პროკურატურამ ხორვატიაში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ფონდებთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციისა და თაღლითობის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უწყების ინფორმაციით, პოლიცია ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში მდებარე რამდენიმე ოლქში მტკიცებულებებს აგროვებს.
გამოძიება ეხება ხორვატიის მოქალაქეების საქმიანობას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის მიღებასა და შეთავაზებაში, სუბსიდიების თაღლითურად მიღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში.
ევროპის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო განხორციელებული და ზიანს აყენებდა ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხორვატიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილი.
0
0