
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
100+კგ წონით კატეგორიაში გამოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი გურამ თუშიშვილი. ის პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მერვედფინალში კვიპროსელ ანტონიოუსა და უკრაინელ ხამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე – პირველ წრეში მისი მეტოქე ბრიტანელი ოლივერ ბარატი იქნება.
ქალთა შორის +78 კგ-ში პირველ წრეს გამოტოვებს და ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთვება სოფიო სომხიშვილი – მისი მეტოქე ხორვატი ელენა ვუკოვიჩია.
2026 წლის კონტინენტის პირველობაზე საქართველოს დელეგაციას სამი დღის შემდეგ ხუთი მედალი აქვს – ევროპის ჩემპიონები გახდნენ ლუკა მაისურაძე (90კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ხოლო ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლნენ. ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან გაიმართება.
0
0