
გაურკვეველია, ევროკომისიის პრეზიდენტს როგორ შეუძლია, ამერიკის ეკონომიკაში ტრილიონ 350 მილიარდის ჩადების ვალდებულება აიღოს, როცა ინვესტიციებს კერძო კომპანიები ახორციელებენ და ევროკომისია ვერცერთ კერძო კომპანიას ვერ დაავალდებულებს, რომელიმე ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ევროკავშირს ეს ვალდებულებაც უბრალოდ დროის მოგების მიზნით ჰქონდა აღებული.
„საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გერმანიის კანცლერისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს დავეყრდნობოდი, სადაც ისინი ნათლად ამბობენ, რომ ევროკავშირმა წააგო და მათ ამ მოლაპარაკებებიდან ვერაფერი ღირებული ვერ წამოიღო. მით უმეტეს, ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან გარანტია არის აღებული, რომ ტრილიონ 350 მილიარდი იქნება ჩადებული ამერიკის ეკონომიკაში. გაურკვეველია, ევროკომისიის პრეზიდენტს როგორ შეუძლია, ეს ვალდებულება აიღოს მაშინ, როცა ინვესტიციებს კერძო კომპანიები ახორციელებენ და ევროკომისია ვერცერთ კერძო კომპანიას ვერ დაავალდებულებს, რომ რომელიმე ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს. ვფიქრობ, ეს ვალდებულებაც უბრალოდ დროის მოგების მიზნით ჰქონდათ აღებული“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.
0
0