
მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მუშაობას უკრაინაში მკვლელობის შესაჩერებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილი შეხვედრის წინ გაავრცელეს.
ლიდერების თქმით, დარწმუნებული არიან, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მიდგომით, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას, დაასრულოს უკანონო ომი.
„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ სამუშაოს დიპლომატიურად, ასევე უკრაინაში ჩვენი არსებითი სამხედრო და ფინანსური დახმარების დაცვით, მათ შორის, „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის გზით და რუსეთის ფედერაციის მიმართ შემზღუდავი ზომების დაცვით და დაწესებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები.
„ეს სასიცოცხლო ინტერესები მოიცავს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობას, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს არჩევანის თავისუფლება საკუთარ ბედთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება გადაწყდეს უკრაინის გარეშე. ერთგულები ვართ იმ პრინციპის მიმართ, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. კონტაქტის ამჟამინდელი ხაზი მოლაპარაკებების საწყისი წერტილი უნდა იყოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა არის გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმისა და თანმიმდევრული რუსული ვალდებულებების დარღვევა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს ურყევ ვალდებულებას. მუდმივად ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ, ევროპელები ერთიანი და მტკიცე ვართ, რომ ერთობლივად გავითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები. გავაგრძელებთ მჭიდროდ თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინელ ხალხთან უკრაინაში მშვიდობის მიზნით, რომელიც იცავს ჩვენს მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025