30/01/2026
20:46

საქართველოში ელჩის დაბრუნებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიესალმებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემის მთავარი რედაქტორი საავტორო სტატიაში წერს, უკრაინას საქართველოში ელჩი 2022 წლის ივნისიდან აღარ ჰყავს, ცოტა ხნის წინ კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა მიხაილ ბროდოვიჩის საქართველოში ელჩად დანიშვნას, „ეს გადაწყვეტილება კი მრავალ კითხვას ბადებს თავად უკრაინელებისთვისაც“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „პროტოკოლის მიხედვით, ელჩმა მუშაობის დაწყების წინ, რწმუნებათა სიგელი უნდა გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს, რაც უკრაინის მიერ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება იქნება და, რისგანაც ამ დრომდე ოფიციალური კიევი თავს იკავებდა და „სტრატეგიულ დუმილს“ ინარჩუნებდა“.
უკრაინული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავი შეეკავებინა ასეთი ნაბიჯისგან, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გამოცემა წერს, „ჯერ უცნობია, რეალურად გაემგზავრება თუ არა ელჩი თბილისში, რამდენადაც ელჩის დანიშვნაზე საქართველოს საპასუხო რეაგირება, თითქოს განზრახ უბიძგებს კიევს, შეაფერხოს ეს პროცესი“.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, დიპლომატიურ უწყებაში წყარომ განაცხადა: „ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში კიევმა თბილისს შეუთვალა, რომ მიხაილ ბროდოვიჩის ელჩად დანიშვნას გეგმავდნენ, რაზეც თბილისიდან დადებითი პასუხი იყო, თუმცა უკრაინას ელჩის გაგზავნა არ უჩქარია“. გამოცემის წყარო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხაილო ბროდოვიჩი გამოცდილი დიპლომატია და საკონსულო სამუშაოს დიდი გამოცდილება აქვს. „ეს სწორედ ისაა, რაც ახლა საქართველოშია საჭირო – ერთია, რომ საქართველოს რუსეთის ომს გამოქცეული უკრაინელები აფარებენ თავს, ასევე, არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა, რუსეთი სწორედ საქართელოს გავლით ახორციელებს უკრაინელთა დეპორტაციას“, – ამბობენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
„ეს ხალხი ხშირად ხვდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დოკუმენტების გარეშე, მათ გაძლიერებული საკონსულო დახმარება სჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში, ამ საკითხების გადაჭრა უმაღლეს დონეზეა საჭირო, რისთვისაც სწორედ ელჩი გვჭირდება“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას. თუმცა, როგორც დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი აცხადებს, ელჩის დანიშვნა არ შექმნის ახალ პრეცედენტს, რამდენადაც ევროკავშირის სახელმწიფოებმაც გადადგეს მსგავსი ნაბიჯი და მათმა ელჩებმა. „მაგალითად, საფრანგეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს გადასცა რწმუნებათა სიგელი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ჩვენი ანალიზი წარვუდგინეთ პოტენციურ ნაბიჯებზე, სადაც ელჩის დანიშვნის ვარიანტი ნახსენები იყო, თუმცა არა როგორც ჩვენი შეთავაზება. პირიქით, ჩვენ რეკომენდაციას გავცემდით, შემოვფარგლულიყავით ნაბიჯებით, რომლებიც არ იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს პრეზიდენტის აღიარება“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
ამასთან, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ ინფორმაცია, რატომ აირჩია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს გზა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. „დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეებისთვის ხელის შეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0