
Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვები საფრანგეთში, შვედეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში იანვრის შემდეგ თებერვალშიც დაეცა.
პირველ ორ თვეში საფრანგეთში Tesla-ს გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45%-ით შემცირდა.
გერმანიის ტრანსპორტის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, თებერვალში ქვეყანაში Tesla-ს გაყიდვები 76%-ით დაეცა, რაც ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის ზოგად ტენდენციას ეწინააღმდეგება.
2024 წლის თებერვალთან შედარებით, ნორვეგიასა და დანიაში კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვები 48%-ით, ხოლო შვედეთში 42%-ით შემცირდა.
იანვარში ევროპაში Tesla-ს გაყიდვები 45%-ით დაეცა.
ექსპერტები მიზეზად Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის ქმედებებსა და განცხადებებს, მათ შორის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტში მის მუშაობასა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას ასახელებენ.
გასულ შაბათ-კვირას, ტრამპის ადმინისტრაციაში მასკის ქმედებების წინააღმდეგ აშშ-ის ბევრ ქალაქში, ასევე, ლონდონში, ბარსელონაში, ლისაბონსა და რეიკიავიკში საპროტესტო აქციები გაიმართა. აშშ-ში Tesla-ს პროდუქციის ბოიკოტირების კამპანია და მის სალონებთან საპროტესტო აქციები თებერვალში დაიწყო.
Tesla არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საკვანძო ბაზარზე, ჩინეთშიც გამოწვევების წინაშე დგას. თებერვალში იქ კომპანიის გაყიდვები 49%-ით დაეცა, ხოლო Tesla-ს აქციებმა მხოლოდ ერთ დღეში ღირებულების 5% დაკარგეს.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მესამედზე მეტად დაეცა.
ცნობისთვის: Tesla-მ ცხრა წლის განმავლობაში პირველად წლიური გაყიდვების ვარდნა გამოაცხადა. კერძოდ, 2024 წელს Tesla-მ მსოფლიოს მასშტაბით 1,789.226 ელექტრომობილი მიაწოდა, მაშინ, როცა 2023 წელს ეს მონაცემი 1,808.581-ს შეადგენდა.
0
0