აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა ხაზი გაუსვა ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის.
მისივე თქმით, ევროპა წარმოადგენს „დასავლური ცივილიზაციის აკვანს“, თუმცა ამასთან ერთად, დაადასტურა, რომ ევროპელ ლიდერებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებები არსებობს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში საზღვრების კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებზე.
„ჩვენ ვხედავთ გამოხატვის თავისუფლების ზოგიერთ პრობლემას, რომელიც გვაწუხებს. ვხედავთ, რომ ისინი საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ საბოლოოდ ჩვენთვისაც“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა და მოუწოდა ევროპას, პატივი სცეს საკუთარ სუვერენიტეტს, ამავდროულად, შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები აშშ-სთან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს სირიაში ქრისტიანების დევნის შესახებ, რაზეც ჯეი დი ვენსმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ქრისტიანებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით.
მან ხაზი გაუსვა, აშშ-ის წარსული ჩარევების შედეგებს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ერაყის ომს, რამაც გამოიწვია „ისტორიული ქრისტიანული თემების განადგურება“.
„ჩვენ არ გვსურს, კიდევ ერთი ქრისტიანული თემი განადგურდეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ამასთან, მან გამორიცხა სირიაში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად მიმდინარეობს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების განხილვა.
ჯე დი ვენსმა ასევე, განიხილა საკუთარი როლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრაში. მან გაიხსენა მომენტი, როდესაც პრესკონფერენციის დროს საუბარში ჩაერია.
ჯეი დი ვენსმა განმარტა, რომ მისი კომენტარები წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი ჩარევით არ გაღიზიანებულა.
„რა თქმა უნდა, ის პრეზიდენტია. მე ვიცე-პრეზიდენტი ვარ. ვცდილობ, პატივისცემით მოვეპყრო. მაგრამ, ასევე ვაღიარებ, რომ ზოგჯერ პრეზიდენტს სურს, მე რაღაც ვთქვა“, – განმარტა ჯეი დი ვენსმა.
0
0