
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის განცხადებით, ევროპას არ შეუძლია ერთპიროვნულად აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობისთვის სრულმასშტაბიანი დახმარების გაწევაზე, რათა რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, „გამარჯვებით“ დასრულდეს.
Politico-ს ცნობით, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ევროპას არ შეუძლია მარტომ ზიდოს უკრაინაში მიმდინარე ომის ტვირთი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას, რომ შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ის დაგვპირდა კონფლიქტის შეჩერებას. ამიტომ, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ არ უნდა დაგვეკისროს.
ამერიკული მხარე სოლიდარობას უნდა უცხადებდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რადგან ვაშინგტონი ნატოში ყველაზე დიდი მოკავშირეა“, - ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.
Politico ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებებს ციტირებს, რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინის შესახებ ტრამპის განცხადებები კონფლიქტიდან აშშ-ის გასვლაზე მიანიშნებს. ამგვარად, ტრამპი კიევისთვის მთელ მხარდაჭერას ევროპას „მიანდობს“.
0
0