
ევროპარლამენტში გამოსვლისას, გონჩარენკომ პირველად ისაუბრა საჯაროდ ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების მხრიდან ადამიანებზე ნადირობის დანაშაულებებზე, ასევე დაადანაშაულა ზელენსკი მასშტაბურ კორუფციასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ეს არ არის დასავლეთის მხრიდან დახმარების შემცირების მიზეზი — პირიქით, დახმარება უნდა გაძლიერდეს.
„ახლა მსურს გითხრათ რაღაც, რაც ამ კრებაზე აქამდე არასდროს მითქვამს. იმიტომ, რომ ყოველთვის ვღელავდი, რომ სიმართლის გამჟღავნებას ჩემი ქვეყნისთვის ზიანი არ მიეყენებინა. მაგრამ ახლა ნათლად ვაცნობიერებ რომ, სამწუხაროდ, სიმართლის დამალვას კიდევ უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყნის შიგნით პრეზიდენტი ზელენსკი სულ უფრო მეტად მოქმედებს იმ ძირითადი ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც ჩვენ აქ ვიცავთ: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ადამიანის უფლებები. უხეში, ძალადობრივი და კორუფციული მობილიზაცია, როდესაც მდიდრებსა და ლოიალურ პირებს შეუძლიათ საკუთარი მოვალეობებისგან თავის დახსნა, სხვები კი შეიძლება მობილიზაციის ჯგუფების, ე.წ. „ტცკ“-ების მიერ იქნან მოკლულნიც კი.
კანონის უზენაესობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი ნებით აწესებს სანქციებს თავისი პოლიტიკური ოპონენტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი მათ ქონებაზე შესაძლოა რეიდერული თავდასხმები განხორციელდეს და ისინი შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ.
საბედნიეროდ, უკრაინაში გვაქვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები. მაგრამ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ისინი პრეზიდენტ ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებულ პირებს იძიებდნენ, მან გასული წლის ივლისში სცადა მათი დამოუკიდებლობის გაუქმება და კონტროლის დამყარება. მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინელი ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს პროცესი შეჩერდა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულ ბევრ პირს კორუფციაში ბრალი წაუყენეს. ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა. გასული წლის დეკემბერში, ერთი თვის წინ, უკრაინის პარლამენტმა შექმნა სპეციალური კომისია საომარი მდგომარეობის დროს კორუფციის გამოსაძიებლად და მე მის თავმჯდომარედ ამირჩიეს. და იცით, რა მხარდაჭერა მივიღე? ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. წარმოგიდგენიათ ეს?
ის, რაც გითხარით, არ ნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოთ, პირიქით! თქვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას! არა მხოლოდ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად“.- განაცხადა გონჩარენკომ.
0
0