
“მე რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, სააკაშვილი არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან", ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით ეს ასე არ მოხდება, რადგან სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მისი მონაწილეობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, ტელეკომპანია “იმედის” მითვისება, კორუფციული ბრალდებები, საზღვრის უკანონოდ კვეთა, ხელისუფლება კი კანონს და კონსტიტუციას ვერ დაარღვევს და ამას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებსაც.
"ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. მე არ მინდა პატიმარზე ბევრი ვილაპარაკო და ერთგვარი პირობაც კი ვთქვი, რომ აღარ მინდა სააკაშვილზე საუბარი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ის, ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას მთელს მსოფლიოში, ამ ადამიანმა დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც არის რეგისტრირებული ისევ ამ კანონის მეშვეობით. FARA-ს კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, აი ამ კანონის მოქმედების შედეგად გავიგეთ, რომ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით დაიქირავა, მილიონი დოლარი გადაიხადა ლობისტურ საქმიანობაში”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
0
0