23/11/2022
15:51
მსოფლიო
ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს.
რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ევროპარლამენტმა აღიარა, რომ რუსეთი ახორციელებს „განურჩეველ თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში“, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. რეზოლუციის ტექსტში ასევე აღინიშნა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში, ირპენში, იზიუმსა და ლიმანში, ასევე თავდასხმები მარიუპოლის თეატრსა და კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორის აქტებს.
0
0