
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს ან ადამიანის უფლებებს არღვევენ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გაამარტივებს.
გადაწყვეტილებას მხარი 518-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 96 იყო, ხოლო 24-მა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას მისცემს კვლავ დაუწესოს სავიზო რეჟიმი ქვეყანას, თუ მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თავდაპირველად უვიზო რეჟიმი დროებით, პრობლემის აღმოფხვრამდე შეჩერდება, ხოლო თუ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება, ის სამუდამოდ შეჩერდება.
უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ ქვეყანაში შიდა საფრთხემ იმატა, კერძოდ, გაიზარდა მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა. კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ქვეყანა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგება, არის ის, რომ აღნიშნული სახელმწიფოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ ადამიანთა რიცხვი მოიმატებს.
გარდა ამისა, ახალი რეფორმა ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოდან ჰიბრიდული საფრთხე მომდინარეობს, მაგალითად უკანონო მიგრაციის წახალისება, ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მიყიდვა, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, გაეროს წესდების დარღვევა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების არ აღსრულება.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირს უვიზო რეჟიმი 90 დღის ვადით 180-დღიან პერიოდში 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის აქვს შემოღებული.
0
0