09/06/2022
14:32
პოლიტიკა
დღეს 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყრა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც მოიცავს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭ დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორისა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე.“
მასში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კავშირების გამო კრემლთან, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ.“
დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, სადაც ივანიშვილისთვის პერსონალური საქნციების დაწესების განხილვისკენ არის მოწოდება 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.
რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.
ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
წყარო : ,,რადიო თავისუფლება''
0
0