
ევროპარლამენტარები გმობენ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებას. ისინი ევროკავშირისგან მოითხოვენ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ბაქოსთან ურთიერთობების გადახედვას.
5 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანის მხრიდან (19 სექტემბერს) წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას მთიან ყარაბაღზე, რაც, ევროპარლამენტის წევრების თქმით, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებებისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პირობების უხეშ დარღვევას. ბოლო თავდასხმის შემდეგ 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, ანკლავი დაეტოვებინა. ევროპარლამენტარების განცხადებით, არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უთანაბრდება და კატეგორიულად გმობენ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის მიმართ აზერბაიჯანის ჯარების მხრიდან მუქარასა და ძალადობას.
დეპუტატები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ შესთავაზონ სომხეთს ყველა საჭირო დახმარება მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების შემოდინების საკითხთან დაკავშირებით და შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.
აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმით შეშფოთებული პარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ბაქოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის პირობებისა და ადამიანის უფლებების მრავალჯერად დარღვევაზე. დეპუტატები აზერბაიჯანულ მხარეს ახსენებენ, რომ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ანკლავში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და მოითხოვენ გამოძიებას აზერბაიჯანის ჯარების მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რაც შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.
დეპუტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სხვა აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების ირედენტული შინაარსის მქონე და მტრული განცხადებების გამო, რომლითაც ისინი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებიან. ევროპარლამენტარები ბაქოს ყოველგვარი სამხედრო ავანტიურიზმისგან თავშეკავებას ურჩევენ და ასევე მოუწოდებენ თურქეთს, რომ თავისი მოკავშირე მსგავსი ქმედების განხორციელებისგან შეაჩეროს. ევროპარლამენტარები ასევე გმობენ თურქეთის მონაწილეობას აზერბაიჯანის შეიარაღებაში და ბაქოსთვის მის სრულ მხარდაჭერას 2020 და 2023 წლებში განხორციელებული თავდასხმების დროს.
ევროპარლამენტი ევროკავშირს ბაქოსთან ურთიერთობის განხილვისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შეუთავსებელია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და საერთაშორისო ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების სფეროში საგანგაშო ისტორია აქვს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს შეაჩეროს ნებისმიერი მოლაპარაკება ბაქოსთან განახლებული პარტნიორობის შესახებ და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, განიხილოს აზერბაიჯანთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დადებული შეთანხმების გამოყენების შეჩერების საკითხი.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ შეზღუდოს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება და სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში, სრულად შეწყვიტოს ევროკავშირიდან აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი. იმავდროულად, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ შეჩერდეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
0
0