16/01/2025
15:11
პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი "პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული" "ნაცმოძრაობასთან" ერთად და ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო.
მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ უამრავი ვალდებულება შეასრულა და, პრაქტიკულად, "წინ გაიჭრა დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე".
"არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის დარჩენილი, რომლებმაც უმაღლესი ქულა არ დაგვიწერეს და ყველა რეიტინგით არ გადავასწარით კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. ეს არის მოცემულობა. ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ შეასრულა უამრავი ვალდებულება და, პრაქტიკულად, წინ გაიჭრა ამ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე. რაც მთავარია, ეკონომიკური ნაწილით არის უზრუნველყოფილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ამის წინააღმდეგ არის სერიოზული მობილიზება. მათ შორის, არა მარტო საქართველოში, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული "ნაცმოძრაობასთან" ერთად. პრაქტიკულად, ეს ერთი გუნდია. ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0