
Euronews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის შემდეგი ხელმძღვანელი კონსერვატიული იქნება, თუმცა, მემარჯვენეთა ბანაკზე მრავალი პოლიტიკური განხეთქილება მოახდენს გავლენას, რომელთაგან ზოგიერთი თითქმის გადაულახავია.
„წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ. ევროკავშირის ყველაზე დიდ ქვეყნებში ჩატარებულ გამოკითხვებში მემარჯვენე-ცენტრისტული, ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ. იმავდროულად, ლიბერალ-დემოკრატებს, სავარაუდოდ, „მტკივნეული“ მარცხი ემუქრებათ, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები საშუალო დონეზე დაწინაურდებიან და რიგ ქვეყნებში გარკვეულ მცირე გამარჯვებას მიაღწევენ.
შესაძლოა, არჩევნების მთავარი შედეგი ევროკომისიის ახალი კონსერვატიული ხელმძღვანელის დანიშვნა იყოს. ევროკავშირის საპარლამენტო ჯგუფებს შორის სასტიკი დაპირისპირება და კონკურენციაა იმის გარშემო, თუ ვინ წარმართავს ევროკავშირის საქმიანობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ევროკავშირის რამდენიმე დიდ ქვეყანაში ძირითადად გამარჯვებს ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ძალები: საფრანგეთში ლიდერობს მარინ ლეპენის პარტია „ნაციონალური ფრონტი”, იტალიაში – პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები“, ჰოლანდიაში – ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერის გერტ უილდერის „პარტია თავისუფლებისთვის“, რუმინეთში კი ადელა მირზა და მისი მემარჯვენე პარტია.
ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას „განაახლე ევროპა” მთელი ევროპის მასშტაბით მძიმე დანაკარგი ექნება. საფრანგეთი კი, რომელიც ადრე პარტიის დასაყრდენს წარმოადგენდა, ხმების მოსაპოვებლად ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი იქნება. ამ პარტიას ეკუთვნის ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტიაც . სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი, სავარაუდოდ, მეორე ადგილისთვის იბრძოლებს ულტრამემარჯვენე და ეროვნული კონსერვატორების წინააღმდეგ. გამოკითხვებში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მესამე პოზიციაზეა, ერთი ადგილით ჩამორჩება ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერების ჯორჯა მელონისა და მარინ ლე პენის პარტიებს ექნებათ შანსი გადამწყვეტი როლი ითამაშონ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაში. თუმცა კონსერვატიული ბანაკი საკმაოდ გაყოფილია მთელ რიგ საკითხებზე და შეიძლება ითქვას, რომ მოედანი ჯერ კიდევ ღიაა და მხოლოდ ხმის მიცემითა და ციფრებით არ წყდება ყველაფერი,“ - წერს Euronews-ი.
0
0