15/06/2023
17:24
მსოფლიო
ევროპარლამენტარები ნატოს მოკავშირეებს მოუწოდებენ, პატივი სცენ უკრაინის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გზა გაუხსნან ქვეყანას ალიანსში გასაწევრიანებლად.
როგორც დღეს მიღებულ რეზოლუციაში (425 ხმით, 38 წინააღმდეგი იყო, 42-მა თავი შეიკავა) ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, ისინი იმედოვნებენ, რომ "გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და, მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება".
ევროპარლამენტარების განმარტებით, ნატოს სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატოს მოკავშირეებთან და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩო-პროექტის შემუშავების მიზნით, რომელიც ომის შემდეგ უნდა განხორციელდეს. პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და განამტკიცებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.
დოკუმენტში ევროპარლამენტარები უმკაცრესად გმობენ რუსეთის მიერ 6 ივნისს კახოვკას კაშხლის განადგურებას, რაც, მათი მტკიცებით, წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რადგან ჰესის აფეთქებამ უკრაინაში გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა - ეკოლოგიური კატასტროფა-ეკოციდი.
„ყველა, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე, მათ შორის კაშხლის განადგურებაზე, პასუხისმგებელია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“ - დასძენენ ევროპარლამენტარები.
პარლამენტი ინიცირებს უკრაინის აღსადგენად ევროკავშირის მიერ ყოვლისმომცველი პაკეტის შექმნას, რომელიც ფოკუსირებული უნდა იყოს ქვეყნის დაუყოვნებელი, საშუალო და გრძელვადიანი დახმარებით უზრუნველყოფაზე, რეკონსტრუქციასა და აღდგენაზე. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია განიხილავს მის მიერ ინიცირებულ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და უკრაინის აღდგენის მექანიზმს, რომლებიც ითვალისწინებს უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებების დაფინანსებას უახლოეს წლებში.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია და მიმდინარე საშინაო რეფორმები მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ფაქტორებია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის; ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს „ევროპის მწვანე შეთანხმების“ შესაბამისად. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.
0
0