
ხანდახან როგორც საუბრობთ ევროკავშირის გაფართოებაზე, არის რუსეთის ლოგიკის მსგავსი. უნდა შეუერთდეს კი ევროკავშირი გავლენის სფეროების ლოგიკას? არ მგონია, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების საქმეებში, – ასე მიმართა მემარცხენეების ჯგუფიდან ევროპარლამენტარმა, მარკ ბოტენგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს.
მარკ ბოტენგას თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაიმეოროს იმ ქვეყნების მოდელი, რომლებსაც აკრიტიკებს.
„თქვენ ხშირად ამბობთ, რომ რუსეთი აზროვნებს გავლენის სფეროების ლოგიკით და ზეგავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ ისინი ისე მოიქცნენ, როგორც ეს მოსკოვს სურს, რომ გაიმეორონ მათი მოდელი, ან თავს მოახვიონ ეს მოდელი. ის, თუ როგორ საუბრობთ ხანდახან ევროკავშირის გაფართოებაზე, არის ძალიან მსგავსი. იმის თქმა მინდა, უნდა შეუერთდეს კი ევროკავშირი ამ გავლენის სფეროების ლოგიკას. არ მგონია, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სხვა ქვეყნების საქმეებში. მათ აქვთ საკუთარი დემოკრატიული პროცესები, ლოკალური განვითარება და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. ეს შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ევროკავშირის გაფართოებით, რისიც პრინციპულად წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ იმ ქვეყნების მოდელი, რომელთაც ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა მარკ ბოტენგამ „ევრონიუსის“ ინიციატივით მოწყობილ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“.
ამასთან დაკავშირებით, დევიდ მაკალისტერმა აღნიშნა, რომ მას არ ეთანხმება.
„გაფართოება არ არის სხვა ქვეყნებში ჩარევა. ამ ქვეყნებმა მოხალისეობრივად მიიღეს გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ჩვენს ოჯახს, რადგანაც მათ სჯერათ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების. მე ყოველთვის დავუჭერ მხარს მთავრობებს, პარლამენტს, რომლებსაც ამ გზით სურთ სიარული“, – განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.
მარკ ბოტენგას თქმით, ეს ძალიან მიამიტი ხედვაა.
„თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი იყო ძალიან აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დაფინანსებაში, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ დებატებზე უკრაინაში, საქართველოში და თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს ლეგიტიმურია, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსები, რომელთაც სურთ გავლენის სფეროები, ზუსტად იმავეს აკეთებენ. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ კანდიდატ ქვეყნებში სოციალურ მოძრაობებს და არ მივანიჭოთ პრიორიტეტი ჩვენს კორპორაციულ ინტერესებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის საქართველოში, რომ პროტესტი გამოხატოს დემონსტრანტებთან ერთად. თუ რუსები გააკეთებენ ამას, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის მიუღებელი ჩარევა და ეს სწორია, მაგრამ თუ ამას ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა. შესაძლოა, ორმაგი სტანდარტი იყოს ის, როგორ ვუყურებთ ამ რაღაცებს“, – განაცხადა მარკ ბოტენგამ.
აღნიშნულის პასუხად კი დევიდ მაკალისტერმა განაცხადა: „ჩვენ მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატ ქვეყნებში ჩარევაზე, უპირველეს ყოვლისა, მე ევროკავშირის ქვეყნებზე არ ვიფიქრებდი. ეს ქვეყნები წალეკილია მავნე რუსული ჩარევით, ყალბი ამბებით, პროპაგანდით. ისინი ცდილობენ დემოკრატიის დესტაბილიზაციას. და მე ვფიქრობ, რომ თქვენი პოლიტიკური ჯგუფი უფრო მეტად უნდა იყოთ დაკავებული ამ საშინელ, რუსულ მავნე ზეგავლენასთან გამკლავებით, რომელიც გვაქვს ევროპაში“.
1
0