
ევროპარლამენტარმა, ეკა ზღულაძის ყოფილმა ქმარმა, რაფაელ გლუკსმანმა აღმოაჩინა, რომ მისი ბაბუა, რუბინ გლუკსმანი, სტალინის აგენტი იყო და დასავლეთში კომუნიზმის პროპაგანდას ეწეოდა. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტურ ფილმში - "გლუკსმანები, ოჯახის ისტორია". დოკუმენტურ ფილმს მაყურებელი ტელეარხზე "საზოგადოებრივი სენატი" სრულად 31 იანვარს იხილავს.
ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა სწორედ აღნიშნული ფილმით შეიტყო, რომ ის საბჭოთა აგენტის შთამომავალია.
"მე სიამოვნებით დავჯდებოდი მასთან და მის ისტორიას მოვისმენდი", - განუცხადა რაფაელ გლუკსმანმა Le Parisien-ს.
მისი ბაბუა რუბინ გლუკსმანი კი, როგორც ირკვევა საიდუმლო აგენტი იყო და სტალინს ემსახურებოდა. ის ბოლშევიკური რევოლუციის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად დაიქირავეს. ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში ებრაულ ოჯახში დაიბადა, შემდეგ სიონიზმით მოხიბლული პალესტინაში ემიგრაციაში წავიდა, სანამ საბოლოოდ კომუნიზმს მიიღებდა. რამდენიმე ენის თავისუფლად ცოდნამ სსრკ-ში მისი დაქირავება განაპირობა.
რუბინ გლუკსმანმა სამხედრო სამსახური გერმანიაში დაიწყო, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს რესპუბლიკელ წინააღმდეგობის მებრძოლებს იარაღით ამარაგებდა. შემდეგ ის საფრანგეთსა და ინგლისში გაემგზავრა, სადაც 1940 წელს ის ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ დააპატიმრა, რის შემდეგაც კანადაში გააძევეს, მაგრამ გემი, რომელზეც ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნეს, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა.
ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის პრესმდივნის კაროლინ ლევიტის კროტიკის ობიექტი გახდა.
კაროლინ ლევიტი რაფაელ გლუკსმანის განცხადებას გამოეხმაურა და შეახსენა მას, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ.
"ჩემი რჩევა ამ დაბალი დონის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება იმის შეხსენება, რომ მხოლოდ აშშ-ის დამსახურებაა, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ. ამიტომ ისინი ძალიან მადლიერნი უნდა იყვნენ", - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ეს კომენტარი რაფაელ გლუკსმანის განცხადების პასუხად გააკეთა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველმა და ლობისტმა ევროპარლამენტში, რაფაელ გლუკსმანმა ამერიკელებს თავისუფლების ქანდაკების უკან დაბრუნება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში ის „თავს შესანიშნავად იგრძნობს“.
"ჩვენ ვაპირებთ ორი რამ ვუთხრათ ამერიკელებს. პირველი: უკან დაგვიბრუნონ თავისუფლების ქანდაკება, ჩვენ ის გადმოგეცით როგორც საჩუქარი, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ გეზიზღებათ ის და ის აქ, ჩვენთან თავს შესანიშნავად იგრძნობს. დავიღალეთ იმით, რომ მისი პატარა ვარიანტი გვაქვს, გვინდა გვქონდეს დიდი, რომელსაც წავაწერთ ლექსს: "ის ეკუთვნის თავისუფალი ფიქრისთვის თითოეულ დევნილს, მათ, ვისაც დაჰპირდნენ აღთქმულ მიწას, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს და აღქმული მიწა თავისუფლების მოყვარულთათვის უდაბნოდ იქცა", - განაცხადა გლუკსმანმა თავისი პარტიის ყრილობაზე.
რაფაელ გლუქსმანი ეკატერინე ზღულაძის ყოფილი მეუღლეა. ეკა ზღულაძე 2006-2012 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე. ამ თანამდებობაზე დარჩა მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც. 2012 წლის სექტემბერში შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომის შემდეგ, რაც საპატიმროებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების გამოაშკარავებას მოჰყვა, ზღულაძე მინისტრის მოვალეობას ასრულებდა დროებით 2012 წლის 20 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ოქტომბრამდე.
0
0