ევროპარლამენტმა, ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებული რისკების შეზღუდვის მიზნით, ჩარჩო კანონი დაამტკიცა. ევროპარლამენტარების განცხადებით, აღნიშნული სექტორი უსწრაფესად განვითარდა, რამაც განაპირობა უზარმაზარი მოგება, თუმცა ასევე გამოიწვია შიში მიკერძოებულობის, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და თუნდაც კაცობრიობის მომავლის მიმართ.
ჩარჩო კანონი მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და გარემოს მდგრადობის დაცვას მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტისგან, ხოლო ინოვაციების გაძლიერებასა და ევროპის ლიდერად დამკვიდრებას ამ სფეროში. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ახალი ჩარჩო კანონი ტექნოლოგიას უფრო „ადამიანზე ორიენტირებულს“ გახდის.
„ხელოვნური ინტელექტის აქტი პროგრესის დასასრული კი არ არის, არამედ ამოსავალი წერტილი ახალი მმართველობისთვის, რომელიც აგებულია ტექნოლოგიაზე“, - დასძინა ევროპარლამენტარმა დრაგოს ტუდორაჩემ.
ჩარჩო კანონის დამტკიცებით, ევროკავშირი გლობალურ მცდელობებს უხელმძღვანელებს, რათა გაუმკლავდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
„ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის მიღება ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქის დასაწყისზე მიუთითებს და მისი მნიშვნელობა არ შეიძლება, რომ გადაჭარბებული იყოს. მსოფლიოში პირველად, გათვალისწინებულია სავალდებულო მოთხოვნები ხელოვნური ინტელექტის რისკების შესამცირებლად“, - თქვა Forrester-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, ენზა იანოპოლომ.
რეგულაცია აწესებს ვალდებულებებს ხელოვნური ინტელექტისთვის მისი პოტენციური რისკებისა და ზემოქმედების დონის მიხედვით. წესები ეხება ისეთ სისტემებს, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT.
უფრო მკაცრი წესები გავრცელდება მაღალი რისკისშემცველ აპლიკაციებზე", როგორებიცაა სახის ამომცნობი სისტემები. კანონი აკრძალავს მასობრივ თვალთვალს ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით, როგორც ეს ხდება ჩინეთში ან რუსეთში. მომავალში ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო.
აქტს ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გავლა მოუწევს, სანამ ის ოფიციალურად გახდება კანონი.
0
0