
ევროკავშირი ნამდვილად მშვიდობისთვის შეიქმნა და ნამდვილად არის მშვიდობის პროექტი, სწორედ ამიტომ საქართველო მიისწრაფის ევროკავშირისკენ, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირის წევრობა უნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობა გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და მოლოდინიც სწორედ ეს იყო, რომ ევროპის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ მნიშვნელოვან მშვიდობის პროექტს.
„ეს მოლოდინები ჩვენ სამწუხაროდ არ გაგვიმართლდა. რაც მოვისმინეთ ჯერ დახურულ კარს მიღმა და შემდეგ საჯაროდაც ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციებში, როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, ჰაერის და ხმელეთის ჩაკეტვას, რუსეთთან ესკალაციაში შესვლას, სრულიად საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ერთია ლამაზი სიტყვები, რომ ევროპა არის მშვიდობის პროექტი, მაგრამ მეორეა სამწუხარო რეალობა, რომელიც სრულიად აცდენილია ამ ლამაზ სიტყვებს. ის, რომ ევროპა მშვიდობის პროექტია ამას კონკრეტული ქმედებებით დადასტურება სჭირდება. ამის საპირისპიროდ იყვნენ ცალკეული წევრი სახელმწიფოები, არა ყველა, რომლებიც მანიპულირებდნენ ამ საკითხით და მათ მეზობლებს მოუწოდებდნენ საკუთარი მშვიდობისთვის რუსეთთან ესკალაციაში შესულიყვნენ. ევროპა რომ მშვიდობის პროექტია, ამას სჭირდება არა უბრალოდ ლაპარაკი, არამედ დადასტურება კონკრეტული ქმედებებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით გასული სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ სრულიად საპირისპირო რამ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0