07/01/2025
15:16
მსოფლიო
ევროპა და უკრაინა შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის წინაშე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დათანხმდებიან შეთანხმებას, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპა გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუს ლიდერებს სჯერათ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრ ევროპელს სჯერა.
სიკორსკის განმარტებით, მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს და სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა.
„უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთობლივად ვეცდებით, გავაფართოოთ სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალი კავშირის გაფართოების დაჩქარებით, როგორც აღმოსავლეთით, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით. პუტინის რუსეთი დარჩება უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ. სამწუხაროდ, მის მიზნად რჩება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მუდმივი განადგურება“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
0
0