
სოროსის მიერ დაფუძნებულ ფონდში „ღია საზოგადოება“ განაცხადეს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 300 მილიონ დოლარს გამოყოფენ. „ევრონიუსის“ მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია არაკომერციულ ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდებზე პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კონსერვატორმა კანონმდებლებმა პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კონტროლი გაამკაცრეს. კონგრესში ტრამპის მხარდამჭერებმა საგადასახადო სამსახურსა და იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდეს, გამოიძიონ ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი უკანონო მიგრაციის, კლიმატის პროგრამებისა და ულტრამემარცხენე ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
2025 წლის ბოლოს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, გამოეძიებინათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ანტიფასთან“ იყვნენ დაკავშირებულნი.
„ჩვენ შეუფერხებლად ვაგრძელებთ მუშაობას. ვერავინ დაგვაშინებს და ვერ გვაიძულებს გაჩუმებას“, – განაცხადა სოროსის ფონდში აშშ-ის მიმართულების მმართველმა დირექტორმა, ლალეჰ ისპაჰანიმ.
„ევრონიუსის“ ცნობით, ეს დაფინანსება პირველი მსხვილი ამერიკული ინიციატივაა, რომელიც ალექს სოროსის ხელმძღვანელობის პირობებში დამტკიცდა.
ალექს სოროსმა ფონდის თავმჯდომარის თანამდებობა მამისგან, ჯორჯ სოროსისგან, ორგანიზაციის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის შემდეგ გადაიბარა.
0
0