
„ევრონიუსი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-6 სამიტში მონაწილეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 16 მაისს გამართულ სამიტზე ირაკლის კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანამდე არსებული დაძაბულ ურთიერთობებში პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძე ჩაერთო ევროპელ ლიდერებთან პირდაპირ დისკუსიებში, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
„მოკლე, თუმცა თბილი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სამიტზე მიგვანიშნებს, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსულ უთანხმოებებს უკან იტოვებენ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებისთვის იმის თქმით, რომ „იყო შეზღუდული კომუნიკაციის პერიოდი (საქართველოსა და ევროკავშირს შორის) და როგორც ჩანს, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს სურთ საქართველოსთან კავშირების აღდგენა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, საქართველოს პრემიერმა ეს დათბობა ახსნა მისი ქვეყნის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლით ევროპისთვის“ და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსა და მის ლიდერებთან ურთიერთობის საჭიროება და სწორედ ამიტომ მოდის ამდენი ინიციატივა ევროპელი ლიდერებისგან
„ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროზონისთვის. ჩვენი როლი რეგიონში მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ დიალოგის აუცილებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან სულ უფრო მეტად აღიარებულია“, – ციტირებს „ევრონიუსი“ კობახიძეს.
„ევრონიუსს“ საქართველოს მთავრობის მეთაურის კიდევ ერთი ციტატა მოჰყავს, რომელშიც კობახიძე ამბობს: „მზად ვარ, ვესაუბრო ყველას. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი. ეს ფორმატი მრავალ ლიდერთან ჩვენი ქვეყნის განვითარების, რეგიონული სტაბილურობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ურთიერთქმედების საშუალებას გვაძლევს“.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამიტის ამსახველ კადრებში ასევე ჩანს ირაკლი კობახიძისა საუბრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, კობახიძე განმარტავს, რომ ეს პოლიტიკური ევოლუცია შედეგია სამხრეთ კავკასიაში საქართველოს „საკვანძო პოზიციის“.
„ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში და ვრჩებით ერთგული იმის, რომ ვიმოქმედოთ ამ სულისკვეთებით მომავალშიც“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
„ევრონიუსს“ ირაკლი კობახიძის ის განცხადებაც მოჰყავს, რომელშიც პრემიერი აზერბაიჯანსა და სომხეთზე და რეგიონულ კონტექსტში საქართველოს როლზე საუბრობს.
„ჩვენ ვაკავშირებთ ორ მეზობელ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს ევროპასთან. მეტიც, საქართველომ განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი თავის მეზობლებთან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კავშირი.
მიმაჩნია, რომ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და ევროკავშირისთვის, რამდენადაც ის ხელს უწყობს კავშირების გამტკიცებას ევროკავშირსა და ჩვენ რეგიონს შორის“, – ციტირებს „ევრონიუსი“ ირაკლი კობახიძეს.
1TV
0
0