
საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ფრიდრიხ მერცი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს შორის ყველაზე არაპოპულარულია. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ამერიკული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის, Morning Consult-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 24 დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს შორის მერცს ყველაზე დაბალი მხარდაჭერა აქვს. გერმანიაში გამოკითხულთა მხოლოდ 19% აცხადებს, რომ კმაყოფილია მისი მუშაობით, ხოლო უკმაყოფილოა 76%.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მერცის რეიტინგი განსაკუთრებით დაბალია როგორც გერმანიაში, ისე საერთაშორისო აუდიტორიაში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით. გამოკითხულთა დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს მის საქმიანობას, რაც უკავშირდება როგორც შიდა პოლიტიკურ გამოწვევებს, ისე საგარეო კურსს. კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეკონომიკური მდგომარეობაა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერცის მაჩვენებლები ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის ყველაზე დაბალ რეიტინგებზე დაბალია. მაგალითად, 2024 წლის შუა პერიოდში შოლცს 28%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც მერცის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალია.
ამავე კვლევის თანახმად, ბოლოდან მეორე ადგილზეა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც 18%-იანი მხარდაჭერა და 75%-ის უარყოფითი შეფასება აქვს.
ამასთან, გამოკითხვის თანახმად, თურქი რესპონდენტების 36%-მა განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუშაობით, გამოკითხულთა 50%-მა კი უკმაყოფილება გამოთქვა.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლოდან მე-10 ადგილზეა. ამერიკელების დაახლოებით 38%-მა განაცხადა, რომ კმაყოფილი იყო მისი მუშაობით, ხოლო 57% – უკმაყოფილო.
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე პოპულარულია ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელსაც დაახლოებით 70%-იანი მხარდაჭერა აქვს.
0
0