
„ევრონიუსის“ ცნობით, აშშ და აზერბაიჯანი პროექტ „ტრამპის გზის“ განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს.
როგორც „ევრონიუსის“ ვრცელ სტატიაშია აღნიშნული, აშშ-მა და აზერბაიჯანმა ე.წ. ტრამპის გზის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკური მოლაპარაკებები დაასრულეს.
„ეს მაშინ ხდება, როდესაც გლობალური ენერგეტიკული შოკები ბაქოს სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის გაზმომარაგების შესახებ დისკუსიის ცენტრში აყენებს“, – აღნიშნავს გამოცემა.
როგორც „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ბაქოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მენეჯერმა, სარა ლემინგმა განაცხადა, „აზერბაიჯანს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გარდაუვალ სატრანზიტო ჰაბად აქცევს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან აკავშირებს“.
მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. ტრამპის გზა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიურ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ის ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას აკავშირებს.
ამასთან ერთად, როგორც აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოში ამბობენ, ამჟამად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ პროექტებს თხევადი ბუნებრივი აირის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროებში.
ლემინგის თქმით, აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურული იდეების განვითარებას, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, ტექნიკური დახმარებისა და საპილოტე პროგრამების მეშვეობით, რაც კერძო კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„ევრონიუსის“ თანახმად, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი მუშაობენ სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაზე, რომელსაც ვაშინგტონი საკვანძოდ მიიჩნევს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ნაკადების გადანაწილებისთვის და ევროპის ტრადიციულ მიწოდების წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის.
ამ კონტექსტში სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი, რომლებითაც კასპიის რესურსები პირდაპირ თურქეთსა და ევროპაში ხვდება, როგორც რუსეთის, ისე ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარუნარიანობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონ ბარელს შეადგენს და მასში აზერბაიჯანულის გარდა, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობიც გაედინება, რაც აძლიერებს ამ ნავთობსადენის როლს, როგორც რეგიონული დივერსიფიკაციის ინსტრუმენტის“, – წერს „ევრონიუსი“.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად აზერბაიჯანი ნავთობს თითქმის 30 ქვეყანას, ხოლო ბუნებრივ აირს 16 ქვეყანას აწვდის, მათ შორის – ევროკავშირს ათ წევრს.
„ევროკავშირის გაზის იმპორტზე დამოკიდებულება 85 პროცენტს აღემატება, რის ფონზეც სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა“, – ნათქვამია სტატიაში.
„ევრონიუსი“ ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ავითარებენ „მწვანე ენერგიის“ სამ დერეფანს, რომლებიც განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ეს თანამშრომლობა ეფუძნება 2022 წელს ბუქარესტში ხელმოწერილ სტრატეგიულ შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის.
1
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026