06/01/2025
19:46
მსოფლიო
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უწყება გააანალიზებს, არღვევს თუ არა ევროკავშირის ციფრული სერვისების კანონს, ილონ მასკსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ალისა ვაიდელს შორის 9 იანვრისთვის დაგეგმილი ონლაინ-ინტერვიუ, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო პლატფორმა X-ის ციფრული სერვისების კანონთან (DSA) შესაბამისობის შესახებ ოფიციალური პროცესი, რაც ეხება დარღვევებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო დისკურსი.
„კანონში არაფერი უკრძალავს ნებისმიერ პლატფორმას განახორციელოს ონლაინ-სტრიმინგი და გამოხატოს პირადი მოსაზრებები. რაც ძალიან მკაფიოა, ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ მიმდინარე პროცესის კონტექსტში: ფუნქციონირებს თუ არა პლატფორმა DSA-ს სამართლებრივ ჩარჩოებში და შეფასებულია თუ არა რისკები“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
DSA-ს მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის აგვისტოში, უმსხვილესი ონლაინ პლატფორმები ვალდებულნი არიან შეამცირონ პოტენციური რისკები, როგორიცაა დეზინფორმაცია.
0
0