
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, დანიის სამეფო სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდება ახალი საერთაშორისო წესრიგი და ევროპა ამისთვის უნდა მოემზადოს.
"ევროპა მზადაა, წინ გადადგას ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ გარდაუვალ ცვლილებებზე კონტროლის ასაღებად იმიტომ, რომ ისტორიას არ მივცემთ უფლებას, ჩვენი მომავალი ქმედებები და გადაწყვეტილებები გვიკარნახოს. ეს ნიშნავს, რომ ახლა აუცილებელია ფართომასშტაბიანი მოქმედება, რაც 2030 წლისთვის მდგრადობის, ინოვაციისა და სოციალური ცვლილებების შეუცვლელი პირობა იქნება... 2030 წლისთვის ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი ევროპული თავდაცვის სტრუქტურა.
19 მარტს [დღეს] წარვადგენ ,,მზადყოფნა 2030 სტრატეგიის’’ საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს ხელახალ შეიარაღებას და პოტენციალის განვითარებას საიმედო შეკავების უზრუნველსაყოფად. ამ სტრატეგიის ოთხი ძირითადი პრიორიტეტია: თავდაცვის ხარჯების ზრდა - ეს მოიცავს თავდაცვის გაძლიერების გეგმას ("Rearm Europe"), რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნები სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფენ 800 მილიარდ ევრომდე და, ასევე მხარდაჭერას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისთვის.
მეორე პუნქტი არის ის, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიციები უნდა იყოს პან-ევროპული, რადგან პრიორიტეტულ სფეროებში ხარვეზების აღმოფხვრის ხარჯები სცილდება ცალკეული წევრი ქვეყნების ბიუჯეტებს. 2030 წლისთვის ევროპას უნდა ჰქონდეს სახმელეთო დერეფნების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების ქსელი, რათა უზრუნველყოს იარაღისა და ტექნიკის სწრაფი გადაცემა. ევროპამ უნდა განავითაროს ყველა სახის უპილოტო სისტემა, ასევე მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფა და სენსორები. იგივე ეხება კიბერსივრცეს, სამხედრო ხელოვნური სფეროში ინტელექტის გამოყენებას ან კვანტურ გამოთვლებს.
მესამე პრიორიტეტი ეხება უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას და ევროკავშირში გაწევრიანებას. შეიქმნება კიევთან ერთად სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მხარდაჭერის უზრუნველყოფას ევროკავშირის გარედან და ბლოკის ცალკეული წევრი ქვეყნებიდან. ევროპის თავდაცვითი ტექნიკის ბაზარზე უკრაინის ინტეგრაცია აუცილებელია. ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისგან ინოვაციების დანერგვა.
მეოთხე პუნქტი - ევროპის თავდაცვის სამრეწველო ბაზის გაძლიერება და ბლოკში თავდაცვის მწარმოებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ჩვენ შევქმნით სამხედრო პროდუქციის გაყიდვის ევროპულ მექანიზმს. წევრ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ სრულად დაეყრდნონ ევროპული თავდაცვის მიწოდების ქსელებს, განსაკუთრებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,’’ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
0
0