
ევროკომისიის განცხადებით, ორგანიზაციის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მგზავრობისას თვითმფრინავის ნავიგაციის სისტემა შესაძლოა რუსული საბოტაჟის გამო გაითიშა.
„GPS-ის სისტემა იმ დროს დაიბლოკა, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი კვირას სამხრეთ ბულგარეთში ჩასვლას აპირებდა, თუმცა თვითმფრინავი სარეზერვო სისტემების გამოყენებით მაინც უსაფრთხოდ დაეშვა. ბულგარეთის ხელისუფლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, GPS-ის სისტემის დაბლოკვა რუსეთის აშკარა ჩარევით იყო გამოწვეული. მუქარა და დაშინება რუსეთის მტრული ქმედებების რეგულარული კომპონენტია. ეს ინციდენტი გაამყარებს ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ევროკავშირი დამატებით თანამგზავრებს განათავსებს დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რათა გააძლიეროს GPS ჩარევის აღმოჩენის უნარი,“ - განაცხადა ბლოკის თავდაცვის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
The Financial Times-ი, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს პლოვდივის აეროპორტში დაშვება მოუწია, პილოტები კი ქაღალდზე შედგენილ რუკებს იყენებდნენ. ბულგარეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ფრენის დროს „თვითმფრინავის GPS ნავიგაციის სისტემაზე ინფორმაციის გადამცემი თანამგზავრული სიგნალი განეიტრალდა“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა The Financial Times-ს განუცხადა, რომ მათი ინფორმაცია „არასწორი“ იყო.
0
0