
ევროკომისიამ წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულების გაზრდას.
ეს არის მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული საინფორმაციო სისტემის ფარგლებში ახალი ინფორმაციული სისტემა, რომლის მიზანია ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერება მესამე ქვეყნებიდან შემომსვლელთა მკაცრი კონტროლისა და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების გზით.
2018 წელს მიღებული რეგლამენტის თანახმად, ევროკავშირში შესვლის ნებართვის ღირებულება შვიდ ევროს შეადგენდა სამი წლის ვადით. თუმცა, ევროკომისია ღირებულების 20 ევრომდე გაზრდას ითხოვს.
„2018 წლიდან ინფლაციის ზრდისა და დამატებითი ოპერაციული ხარჯების გათვალისწინებით, რომლებიც, მაგალითად, სისტემაში ინტეგრირებულ ახალ ტექნიკურ ფუნქციებთან არის დაკავშირებული, საფასური 20 ევრომდე გაიზრდება“, – განმარტავენ ევროკომისიაში.
ევროკომისიის წინადადება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში უნდა დამტკიცდეს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ახალი ღირებულება ძალაში შევა მოგზაურობისა და ავტორიზაციის ევროპული საინფორმაციო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, რაც 2026 წლის ბოლოს არის მოსალოდნელი.
0
0