
ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირში მოქმედი ციფრული მომსახურების შესახებ კანონის (DSA) დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ევროკომისიამ X-ის მიერ სამი სავარაუდო კანონდარღვევა გამოავლინა. სოციალური ქსელის მფლობელებს უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და მათგან ბრალდებებზე პასუხის გაცემას ელოდებიან.
თუ X-ის მმართველების პასუხები არადამაკმაყოფილებელი იქნება, ევროკომისია იტოვებს უფლებას დააჯარიმოს კომპანია, ხოლო ჯარიმის ოდენობა წლიური შემოსავლის 6%-ით განსაზღვროს.
პირველი პრეტენზია, რაც ევროკომისიას X-ის მიმართ აქვს, არის სოციალური ქსელის მიერ პროფილის ვერიფიკაციის პოლიტიკა. საქმე ეხება ისეთ პროფილებს, რომლებიც სპეციალური ლურჯი ნიშნით არის მონიშნული. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი პროფილის შექმნა და შესაბამისი ვერიფიკაციის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
X-ს ასევე ადანაშაულებენ გაუმჭვირვალე სარეკლამო პოლიტიკის გატარებაში. მესამე ბრალდება, რასაც ევროკომისია უყენებს სოციალურ ქსელს, არის ის, რომ ის მკვლევრებს საერთო სარგებლობაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს. ეს, კომისიის აზრით, მკვლევრებს და მეცნიერებს აფრთხობს და უშლის მათ სამეცნიერო საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ სოციალური ქსელი ანალოგიური კანონმდებლობის დარღვევაში გასული წლის დეკემბერშიც დაადანაშაულა, თუმცა, რით დასრულდა საქმის წარმოება, უცნობია.
0
0