
ევროკომისია დღეს მთავარ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესის შესახებ პირველი ოფიციალური მიმოხილვა იქნება. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, მოსალოდნელია, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის გაფართოების შესახებ შუალედური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.
0
0